როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე ახალი არჩევითი საგნის - ,,მსოფლიო კულტურა" - სწავლება დაიწყო.
2011-2012 სასწავლო წელს აღნიშნული საგანი უკვე აირჩია საქართველოს 550-მა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ, მათ შორის კერძო სკოლებმაც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინიციატივით, 550-ვე სკოლის ,,მსოფლიო კულტურის" პედაგოგს ტრენინგები უტარდებათ ახალი საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და შინაარსობრივ საკითხებზე.
საქართველოს მასშტაბით 25 სატრენინგო ცენტრში აღნიშნულ ტრენინგებს გადიან პედაგოგები თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის სკოლებიდან.
მსოფლიო კულტურის სწავლების მიზანია: მოსწავლის მიერ კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მრავალფეროვან კულტურულ გარემოში წარმატებული კომუნიკაციისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვ.