2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოსა და ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის პროექტი ,,დავეხმარებით პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში“ ამოქმედდება. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართული სემინარის ფარგლებში შედგა. სემინარის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, ესტონეთის ელჩი საქართველოში ტოომას ლუკი, ესტონეთისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოსა და ესტონეთის პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
სემინარის ფარგლებში პროექტში მონაწილე რვა ქართულ და რვა ესტონურ პროფესიულ სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმადაც ამ სასწავლებლებს შორის სტუდენტთა, პედაგოგთა და ექსპერტთა გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება, მოხდება გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, სასწავლო პროგრამების დახვეწა და ევროპულ სტანდარტებზე მორგება, ჩატარდება ერთობლივი სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში. პროექტს მთლიანად ესტონური მხარე აფინანსებს.
საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულნი არიან შემდეგი პროფესიული სასწავლებლები: ”ახალი ტალღა”-ქობულეთი, ”აისი”-კაჭრეთი, IT-თბილისი, ”იბერია”-ქუთაისი, ”მერმისი”-თბილისი, ”პროფესიონალი”-თბილისი, ”იკაროსი”-თბილისი და ბათუმის საზღვაო აკადემია.
საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, არსებული პროექტი წარმოადგენს დაწყებული საქმიანობის გაგრძელებას.