ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა. ლაბორატორია თანამედროვე კომპიუტერული გამზომი ინსტრუმენტებითა და დანადგარებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა დაახლოებით 80 ლაბორატორიული სამუშაო ჩატარდეს მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის, ელექტროობის, ოპტიკისა და ატომური ფიზიკის მიმართულებით.
სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში კვლევით სამუშაოებს ტექნიკური მიმართულების ყველა ფაკულტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები აწარმოებენ. ლაბორატორიაში მუშაობის და შედარებით მარტივი ცდებისა და კვლევების ჩატარების საშუალება სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ. ასევე შესაძლებელია აღნიშნული ლაბორატორიის გამოყენება საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელთა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით სკოლებში მიმდინარეობს ტექნიკური საგნების გაძლიერებულად სწავლება, ხორციელდება სკოლებისა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით აღჭურვა.
ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სტუ-ში არაერთი უნიკალური სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა და მათ პედაგოგთა სტუმრობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში მალე სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, ამოქმედდება საკვირაო სკოლები, სადაც მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები უმასპინძლებენ.