საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზღვარგარეთ მოღვაწე
ქართველ მეცნიერებთან ერთად, უნიკალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაათვალიერა.
უცხოეთში მოღვაწე
წარმატებული ქართველი მეცნიერები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შორის იყო
უნიკალური კვლევითი ლაბორატორიის
მონახულება, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის წარმატებული შედეგი.
სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტების დასაფინანსებლად 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს 2012 წლიდან შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია გამოიყენონ, როგორც ბაზა უნიკალური კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
კვლევით ცენტრში მეცნიერებმა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიები და ვივარიუმი, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო დონის ბიოლოგიური კვლევები სხვადასხვა მიმართულებით.
ლაბორატორიის მიზანია საზოგადოებრივი და ვეტერინარული ჯანმრთელობის გაძლიერება ინფექციური დაავადებების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და სამეცნიერო კვლევების საშუალებით საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.
ლაბორატორიას ოთხი სამოქმედო სფერო (მანდატი) გააჩნია:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ხელს უწყობს სამეცნიერო თანამშრომლობას ქართველ, ამერიკელ და საერთაშორისო მკვლევარებს შორის, აქ ყველა პირობაა შექმნილი ქართველ მეცნიერთა მომავალი თაობის აღსაზრდელად.
მალე ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვეტერინარიისა და ინფექციური დაავადებების გამოცდილების მქონე ქართველი, ამერიკელი და საერთაშორისო პერსონალით დაკომპლექტდება.