თბილისის №51 საჯარო სკოლა კვლავ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის გახდა. ისტორიული სახელი სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დაიბრუნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და სხვა ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის ახალი გერბისა და ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა, გაიხსნა მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილის მიერ შესრულებული გალაკტიონის ბრინჯაოს ბარელიეფი და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის კაბინეტი.
აღსანიშნავია, რომ №51 საჯარო სკოლის ახლადგახსნილ გალაკტიონის კაბინეტში ინახება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მეცხრე კლასში სწავლისას შესრულებული გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველი კლასიკოსი პოეტების ცნობილი ლექსების ინგლისურენოვანი თარგმანები. ”ასეთი ჟღერა, პულსი, რითმი და რიტმი იშვიათია თარგმანში” - ასე შეუფასებია მეცხრეკლასელი მიშა სააკაშვილის ნამუშევარი ცნობილ აკადემიკოს ქალბატონს მაკა ჩხეიძეს.
დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც №51 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ.