საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ სამინისტროს “სასკოლო პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულა.
ღონისძიების ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებმა მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და ტრადიციები გააცნეს.
სამინისტროს “სასკოლო პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უკვე დაათვალიერეს სხვადასხვა მუზეუმები, მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მცხეთა და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.
პროგრამაში 60-მდე ქართული და არაქართულენოვანი სკოლაა ჩართული. მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს და სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ. ასეთი სახის აქტივობებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონებიდან, საშუალება აქვთ გარკვეული პერიოდი ქართველ თანატოლებთან ერთად გაატარონ და სხვადასხვა შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.
სასკოლო პარტნიორობის პროგრამა ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციაზე და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში ახორციელებს.