საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი პირველი ექსპერიმენტური სკოლის “მომავლის კლასში“ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიური ნაკრებისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის წარმატებული მოსწავლეების ერთობლივ გაკვეთილს დაესწრო. გაკვეთილს ასევე მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ესწრებოდნენ ორივე სკოლიდან.
ოლიმპიური ნაკრების პედაგოგმა სპეციალურად საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შედგენილი მათემატიკური ამოცანების ამოხსნის ხერხები გააცნო მოსწავლეებს. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნა ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც „მომავლის კლასშია“ დანერგილი.
ერთობლივი გაკვეთილი ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გამოცდილება მიიღეს და ნახეს, როგორ ემზადება ოლიმპიური ნაკრები მომავალი საერთაშორისო ოლიმპიადისთვის. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა კი, ულტრათანამედროვე საკლასო ოთახის თითქმის ყველა შესაძლებლობა გამოსცადეს.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის “მომავლის კლასს“ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ, ეწყობა პრეზენტაციები, ტარდება საჩვენებელი და ერთობლივი გაკვეთილები.