25.11.2011
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი აშენდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავად უხელმძღვანელებს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. პროფესიული გადამზადების ცენტრი მაისში გაიხნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. ცენტრში გადამზადება ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.
გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა. კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საქარათველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტები თბილისის სხვა გარეუბნებშიც ამოქმედდება. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, შეიქმნება პროფორიენტაციის ცენტრები, მსურველები მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადდებიან.
პრეზიდენტი მასწავლებელთა სერტიფიცირებას და გაზრდილ ხელფასებსაც შეეხო, 2012 წლის აპრილიდან ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სერტიფიცირებულ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ კიდევ 75 ლარით გაზარდილი ანაზღაურება მიიღონ, იმ შემთხვევაში, თუ საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ.