საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი კომპიუტერული თამაში ”ხელოვნება” გააცნო. თამაში სკოლებში სასწავლო პროგრამის პარალელურად დაინერგება და მოსწავლეებს მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის შესწავლაში დაეხმარება.
ელექტრონულ თამაშში მოცემულია ინფორმაცია როგორც მხატვრებზე, ასევე მსოფლიო არქიტექტურაზე. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე ხელოვნების ორიგინალური ნამუშევრები დაათვალიერონ და მსოფლიოში მოღვაწე სახელგანთქმულ მხატვართა და მოქანდაკეთა ნამუშევრებს გაეცნონ; მიიღონ ინფორმაცია ხელოვნების სხვადასხვა სტილზე და მიმდინარეობაზე; ხელოვანთა ცხოვრებაზე და მათ შემოქმედებაზე; სახელმძღვანელოების პარალელურად, ამ მეთოდის გამოყენება მოზარდებისთვის სწავლის პროცესს მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.
ახალი კომპიუტერული თამაში მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის მიხედვით უკვე მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და ნასწავლის გადამოწმებაში შეუწყობს ხელს. ასაკის მიუხედავად, ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ამ რესურსით მისთვის საჭირო და სასურველი ინფორმაცია მიიღოს.
თამაში ”ხელოვნება” ახალი მნიშვნელოვანი ინტერნეტრესურსია. ექსპერტებმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ის მნიშვნელოვან სიახლედ აღიარეს.
ინტერაქტიული სწავლების შემოღება განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს ინიციატივით, მსგავსი კომპიუტერული პროგრამები ყველა საგანში დაინერგება, რაც მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესს საინტერესოს და სახალისოს გახდის. ამ ეტაპზე სამინისტროს ინიციატივით უკვე შექმნილია 50-მდე საგანმანათლებლო თამაში, რომელიც ჩატვირთულია როგორც ნეტბუქებში, ასევე საიტებზე: www.buki.ge; www.facebook.ge.
ახალი თამაში ”ხელოვნება” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა (www. Facebook/Dimitri Sahskini) ჩატვირთული და სარგებლობა ყველა მსურველს შეუძლია.