თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრება. ეს გადაწყვეტილება დიმიტრი შაშკინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა-პანსიონში სტუმრობისას მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 202-ე სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ტკბილეული მიუტანა და განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. დიმიტრი შაშკინი ასევე გაესაუბრა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და შეიტყო, რომ შვიდივე მეთორმეტეკლასელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება მათ ოცნება აუსრულოს და ლონდონში ენის შემსწავლელ კურსებზე გაგზავნოს. ანალოგიურად დასაჩუქრებას დაჰპირდა დიმიტრი შაშკინი ამ სკოლის ყველა მომავალ წარჩინებულ მეთორმეტეკლასელს.
მინისტრმა №202-ე სკოლაში სტუმრობისას პირველკლასელებიც მოინახულა და დაესწრო მათ საგაკვეთილო პროცესს. გაკვეთილი ბუკების საშუალებით მიმდინარეობდა, კომპიუტერებში სპეციალურად არის ჩატვირთული ხმოვანი პროგრამები, რომელშიაც ბავშვები ყურთსასმენების საშუალებით მუშაობენ.
დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, 2011 წლის გაზაფხულზე №202 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო, ჩატარდა შენობის გამაგრებითი სამუშაოები, გარემონტდა ჰოლი, დერეფნები, გამოიცვალა კარებები, მოპირკეთდა იატაკები. ამჟამად, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობს განათების სისტემის რეაბილიტაცია, ახალ წლამდე მოწესრიგდება და ბავშვთა საჭიროებებს მოერგება სველი წერტილები და სხვა კომუნიკაციები.
№202 სკოლა-პანსიონი აღჭურვილია უსინათლო და სუსტი მხედველობის ბავშვებისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით, მოსწავლეები სარგებლობენ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოებითა და ტაქტიკური სასწავლო მასალებით, სკოლის პედაგოგები მუდმივად გადიან გადამზადებას, სკოლა ჩართულია ნორვეგიის, პოლონეთისა და გერმანიის მთავრობების მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში.