სოფელ ახუთში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების ახალი საგანამანათლებლო დაწესებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გახსნა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის სკოლა 150 ბავშვზეა გათვლილი. თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი საკლასო ოთახები. სკოლაში ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი. პრეზიდენტის საჩუქარი ნეტ-ბუქი წელს სკოლის ყველა პირველკლასელმა მიიღო.
სოფელ ახუთის საჯარო სკოლაში სამშენებლო სამუშაოები 2010 წლის 4 ნოემბერს დაიწყო და 2011 წლის 20 სექტემბერს დასრულდა.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.