საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოქროს მედლებით ხუთი პროფესიული კოლეჯი დააჯილდოვა, ხოლო სიგელები და ფულადი პრემიები პროფესიული სასწავლებლების იმ ოც პედაგოგს გადასცა, რომლებმაც ტრენინგები პედაგოგიურ უნარ-ჩვევებსა და ინკლუზიურ განათლებაში წარმატებით გაიარეს. სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით საქართველოს მასშტაბით სულ 103 წარმატებული პროფესიული კოლეჯის პედაგოგი დაჯილდოვდა.
მასწავლებლის სახლში ოქროს მედლები შემდეგ პროფესიულ კოლეჯებს გადაეცათ: ”იკაროსი”(თბილისი), ”ფაზისი”(ფოთი), ”იბერია”(ქუთაისი), ”აისი”(კაჭრეთი) და ”ახალი ტალღა”(ქობულეთი). პროფესიული სასწავლებლების გამოვლენა რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე მოხდა: გათვალისწინებული იქნა დატრენინგებულ მასწავლებელთა რაოდენობა და მათი შედეგები, სწავლის ხარისხი, კოლეჯებში სტუდენტთა რაოდენობა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი. სამმა პროფესიულმა კოლეჯმა (”აისი”, ”ახალი ტალღა და ”იბერია”) გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭათ საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი. მომავალი წლიდან ისინი სტუდენტთა მიღებას ხუთივე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განახორციელებენ.
2010 წლიდან სამინისტრო პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, ჩამოყალიბდა სამუშაო თემატური ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა პროფესიული სტანდარტი შემუშავდა, დაიგეგმა ტრენინგ-სემინარები. პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, პროფესიული უნარებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგები სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე განახორციელა, 2012 წლისთვის კვლავ გაგრძელდება მასწავლებელთა ტრენინგები როგორც საგნობრივ ისე პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში.