მორიგი ქართული ენის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ამჯერად მარნეულში გახსნეს. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, აუდიო-ვიდეო აპარატურითა და სასწავლო-ვიზუალური მასალით, სპეციალურად ქართული ენის სახლისთვის აშენდა.
ქართული
ენის სახლში ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები
ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. სახელმწიფო ენის დაუფლება აქ ნებისმიერი
ასაკის ადამიანს შეეძლება. მათთვის საგანგებოდ მომზადდა პროგრამები, შეირჩნენ და
გადამზადდნენ პედაგოგები.
ახლადგახსნილ ქართული ენის სახლში სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, საჯარო
მოხელეებს, აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სპეციალურად შექმნილი
სახელმძღვანელოებით ქართულ ენას დაჩქარებული წესით შეასწავლიან. მინისტრის
გადაწყვეტილებით, ყველა პედაგოგი, რომელიც არაქართულენოვან სკოლაში საგანს
ბილინგვურად ანუ, მშობლიურ ენასთან ერთად ქართულადაც ასწავლის ხელფასზე დანამატის
სახით 200 ლარს იღებს.
ქართული
ენის სახლები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში
ეტაპობრივად გაიხსნება. სამცხე-ჯავახეთსა
და ქვემო ქართლში უკვე ფუნქციონირებს ხუთი ქართული ენის სახლი. მომავალი
წლიდან ასეთი ცენტრები ამ რეგიონების სხვა რაიონებშიც დაიწყებს
ფუნქციონირებას, ქართული ენის სახლი კახეთშიც გაიხსნება.
ქართული ენის სახლებს კოორდინაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლა უწევს. ეს სკოლა პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და
იგი სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ საჯარო მოხელეთათვის
პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების შედგენასა და განხორციელებას უზრუნველყოფს.
ქართული ენის სახლების მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, ასევე შეუძლიათ ქართული
ენის ინტენსიური სწავლების კურსი და სახელმწიფო მართვის პროგრამა ჟვანიას
სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაშიც გაიარონ.