სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა იწყება. ტერიტორია, სადაც ახალი სკოლა აშენდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ ერისიმედის 100-მდე მოზარდი 25 წლის განმავლობაში არასტანდარტულ, ბაგა-ბაღისთვის განკუთვნილ ავარიულ შენობაში სწავლობდა. სოფლის მოსახლეობის ეს დიდი პრობლემა ახალი სკოლის მშენებლობით გადაიჭრება. ახალი სასწავლო წლიდან ერისიმედის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სკოლაში გააგრძელებენ.
სოფლის სკოლას თანამედროვე გათბობის სისტემა და საკუთარი ჭაბურღილი ექნება. სკოლაში ასევე დამონტაჟდება საკუთარი დენის წყარო, რაც ამ სკოლის მოსწავლეებისთვის უწყვეტი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარანტია იქნება.
ერისიმედის საჯარო სკოლა თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება, სკოლას ასევე ექნება ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედანი, სადაც ბავშვები სპორტის რამდენიმე სახეობაში ივარჯიშებენ.