29.12.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თხზულებების კონკურსის ”ჩემი ცხოვრების მიზანი” გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსი ერთ ეტაპად ორ ასაკობრივ ჯგუფში, VII-IX და X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სკოლების 100 000-მა მოსწავლემ მიიღო. ორ ასაკობრივ ჯგუფში სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ფულადი პრიზები და სიგელები გადაეცათ, ჟიურის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზით - პორტატული კომპიუტერით მე- XI კლასელი ანდრია ილინი დასაჩუქრდა.
კონკურსი ”ჩემი ცხოვრების მიზანი” ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებს, როგორც ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ გაეაზრებიათ და ჩამოეყალიბებინათ საკუთარი ცხოვრების მიზანი. კონკურსი გათვლილი იყო VII-XII კლასის მოსწავლეებზე, რადგან ამ ასაკში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ზუსტად ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მისწრაფებები, მიზნები და შესაძლებლობები.
მოსწავლეთა დაინტერესებისა და მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით, სამინისტრო სისტემატიურად ატარებს ანალოგიურ კონკურსებს. ყოველწლიურად იზრდება სასკოლო კონკურსების მონაწილეთა რაოდენობა. წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.