თბილისის №10 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი ბერძენიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა გიორგის საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა და ამით ყველაზე დიდი საახალწლო სურვილი აუხდინა.
გიორგი თავისი თანატოლებისგან განსხვავებით ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია და ეტლით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, იგი ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში სწავლობს, სადაც ყველა პირობა აქვს შექმნილი მიიღოს სრულყოფილი განათლება. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გიორგი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობს.
გიორგი ბერძენიშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მან უკვე აირჩია მომავალი პროფესია. სკოლაში სწავლის პარალელურად მან პროფესიული კოლეჯი დაამთავრა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს დაეუფლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების მიმართულებით. დღეს თითქმის ყველა ბავშვი მისი ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობის მიუხედავად, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობითაა უზრუნველყოფილი.