06.01.2012
პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისურსა და
საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განახორციელა. პირველადი შედეგების თაობაზე მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.
ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობას საქართველოს 75 საჯარო სკოლა, 1800 პირველკლასელი, მათი მშობლები, 400 მასწავლებელი და 75 დირექტორი ღებულობდა. პირველკლასელთა 70%-მა მაქსიმალური ქულა 25-დან 30-მდე მიიღო.
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული შეფასება 2011 წლის დეკემბერში განახორციელა, შეფასების მიზანი იყო დაედგინა, რამდენად წარმატებულია რეფორმები, რომლებიც 2011-2012 სასწავლო წლიდან სკოლებში დაინერგა. კერძოდ, შეფასება ჩატარდა ორი მიმართულებით: ინგლისური ენის სწავლება პირველ კლასში და ბუკის დანერგვა სასწავლო პროცესში.
სკოლებში კომპიუტერისა და ინგლისური ენის სწავლება გასულ წელს პირველი კლასიდან ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით დაიწყო. სწავლების მიმდინარეობის შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. სკოლები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. პირველკლასელებს ევალებოდათ შესწავლილი მასალის შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებების შესრულება და კითხვარის შევსება, რომელშიც ისინი ბუკისა და ინგლისური ენის შესწავლის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.
კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი წარმატებულია. ინგლისური ენის პირველივე კლასიდან ბუკების საშუალებით სწავლებამ მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდანაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ზოგადად კომპიუტერებით სწავლებამ კი, განათლებით ბავშვების დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართულობა გამოიწვია, სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო გახდა.