თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრა, სადაც ისინი New College Nottingham-ში სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. ეს შესაძლებლობა მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით მიეცათ.
დიმიტრი შაშკინმა №202-ე სკოლა-პანსიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუმრობისას შეიტყო, რომ სკოლის შვიდივე მეთორმეტეკლასელი კარგად სწავლობს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო მათ ოცნება აუსრულოს და ინგლისში ენის შემსწავლელ კურსებზე გაგზავნოს.
№202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ინგლისში გამგზავრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, New College Nottingham-ში ორი კვირის განმავლობაში ინგლისელი პედაგოგები მოსწავლეებს ისეთ პროგრამას შესთავაზებენ, რომ მოკლე პერიოდში მათ მაქსიმალური საჭირო ინფორმაცია მიიღონ. პროგრამის შედგენაზე სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სპეციალისტებმა იმუშავეს.