01.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიის ურთიერთთანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (SDC) და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ორგანიზებით, პროექტი „განათლების დახმარებით ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“ იწყება.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მას-მედიის წარმომადგენლებთან პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნირების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, SDC სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა რუდულფ სკოჩმა, IOM მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მარინა მესხმა და ადამიანების ტრეფიკინგის პრევენციული ზომების განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის საბჭოს წევრმა ქეთევან ხუციშვილმა მიიღეს.
პროექტის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა სამთავრობო ორგანოებს, ასევე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ტრეფიკინგის პრევენციის და უსაფრთხო მიგრაციის დამხმარე მასალების შეტანის თაობაზე, თანამშრომლობის გაძლიერება.
პროექტი ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციაზე საქართველოს ყველა მოზარდისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება მოსწავლეების ინფორმირება როგორ დააღწიონ თავი ტრეფიკინგის ხაფანგებს და როგორ გამოავლინონ მიგრაციის უსაფრთხო გზები.
აღნიშნული პროექტი ეხმიანება 2011-2012 წლების ადამიანების ტრეფიკინგის პრევენციის სამოქმედო გეგმას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 2011 წლის მარტში იქნა დამტკიცებული.