შეხვედარს ასევე ესწრებოდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.
დიმიტრი შაშკინმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტის მიზანი და მათი მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და ვაკანტური ადგილების/პირობების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწოდონ.
სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა ბაკალავრიატის ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვედა რგოლის სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. სულ შემოთავაზებული იქნება 70 სხვადასხვა სფერო, შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილებით. პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულ მისამართზე: www.summerjob.ge.
პროგრამა Summer Job გამიზნულია, ერთის მხრივ იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ხოლო, მეორეს მხრივ გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.