21.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, იუნკერთა სახელობის თბილისის 52–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლატვიელი რეჟისორის ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” წარუდგინა.
”საბჭოეთის ისტორიის” შექმნის იდეის ინიციატორები ევროპარლამენტის დეპუტატები არიან. ფილმში ნაჩვენებია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარება დაწყებული სიმბოლოებითა და იდეოლოგიით, ადამიანთა მასობრივი განადგურების ხერხებით დამთავრებული. ფილმში დოკუმენტური ფოტო და კინო მასალაა გამოყენებული, ჩაწერილია ინტერვიუები თვითმხილველებთან, ცნობილ პროფესორებთან და ისტორიკოსებთან. ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” ერთგვარი გაფრთხილებაცაა და გარკვეული ბრალდებაც წამყვანი სახელმწიფოებისადმი, რომელთა უმოქმედობამაც მიიყვანა სსრკ და გერმანია ამ მდგომარეობამდე.
ფილმმა მოზარდების დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩვენების შემდეგ ფილმის განხილვა გაიმართა. მოსწავლეებმა 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენეს და ის მხარდაჭერა, რაც მაშინ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა საქართველოს აღმოუჩინეს.
„ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში „საბჭოეთის ისტორიას“ ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან, სკოლებში გაიმართება ექსპერტთა და ისტორიკოსთა ლექცია/დისკუსიები.