საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ”ოკუპაციის კვირეული”, რომლის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც რუსული აგრესია და ოკუპაცია ჰქვია.
რუსეთთან ომში დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება ”წითელი ყაყაჩოს” აქციაც, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს იბნევენ და ამით პატივს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თავად ამზადებენ ყაყაჩოებს და თავიანთ თანატოლებში ავრცელებენ.
აქცია კვირის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და მასში ყველა მოსწავლე ჩაერთვება. ”წითელი ყაყაჩოს” აქცია საგამომცემლო სახლის „პრაიმტაიმის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ტარდება.