23.02.2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.
1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21-დან 25 თებერვლის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორისაა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება და იმ ფოტო/დოკუმენტური მასალების გაცნობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს - 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება.
XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ოკუპაციის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემატური კონკურსები იმართება, ეწყობა ლექცია/სემინარები, წელს სკოლები ”წითელი ყაყაჩოს’ აქციაშიც ჩაერთნენ, სკოლებში მიმდინარეობს ფილმის ”საბჭოეთის ისტორია” ჩვენება და სხვა. კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.