27.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსი ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქე სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ემიგრანტ ქართველებს.
კონკურსი 3 ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, თითოეულმა კონკურსანტმა 2012 წლის 12 აპრილის ჩათვლით, საკონკურსო ნიმუში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს. გამარჯვებულების გამოვლენა 30 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეს მოხდება, ამ თემასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორიმა ბუბა კუდავამ ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ 7 400 ლარი პროექტის საპრიზო ფონდისთვის გამოყო. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კონკურსანტები სერთიფიკატებთან ერთად, სერიოზულ ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. კონკურსის დასკვნითი ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
„ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებენ და მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კალიგრაფიის კონკურსი მესამე წელია ტარდება. თავდაპირველად კონკურსში მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გასულ წელს მათ სტუდენტები და სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები დაემატათ, მათ შორის ემიგრანტი ქართველები. კალიგრაფიის კონკურსი უწმინდესის ლოცვა–კურთხევით ტარდება.