02.03.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიიღეს მონაწილეობა. პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და მანდატურები ნაფიცი მსაჯულის სტატუსით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უშუალოდ ჩაერთვნენ და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულს ვერდიქტი გამოუტანეს. სასამართლო პროცესების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2010 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასამართლო პროცესებში, რაც ხელს უწყობს მათ სამართლებრივ ინფორმირებას და მოზარდებში დანაშაულის პრევენციას.
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის საფუძველზეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა. ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში თავად საზოგადოებაა ჩართული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მართლმსაჯულების განხორციელების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა.
სასამართლო ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებდა და დღემდე ახორციელებს. გაიმართა არაერთი იმიტირებული პროცესი, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ექიმები, მეხანძრეები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.
სასამართლო სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარებული აქტიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად, მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, რა უფლება-მოვალეობები გააჩნია მათ და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ინსტიტუტის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება, თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია. შერჩეული მსაჯული, მისი მსაჯულად არჩევიდან ვერდიქტის მიღებამდე, თავად წყვეტს დამნაშავეა თუ არა ბრალდებული, რაც საპასუხიმგებლო და საამაყო მოვალეობაა.
ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში, 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მიერ განსაზღვრული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. კანონმდებლობის თანახმად საქმის განხილვაში მონაწილეობს 12 ძირითადი და არანაკლებ 2 სათადარიგო მსაჯული.
პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ იგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; გამომძიებელი; პოლიციელი; სასულიერო პირი; ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, იურისტია და ა. შ.
ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტს. მსგავსი იმიტირებული პროცესები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას და ახალ სასამართლო სისტემას, რომელშიც გადაწყვეტილებას ხალხი იღებს.