02.03.2012
თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხულ მოსწავლესთან მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მენიერების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ანა ქებაძის განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო სკოლიდან გარიცხული მოსწავლის შესახებ საზოგადოებას სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.
მიხეილ ალექსიძე ამჟამად რეგისტრირებულია თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში, რომელიც ძველი თბილისის რაიონში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ოჯახი ამის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული, თუმცა სამწუხაროდ, ალექსიძე რამდენიმე თვეა სკოლაში არ ცხადდება. იმ შემთხვევაში თუ, მიხეილ ალექსიძეს და მის ოჯახს არ სურს 77-ე სკოლაში სწავლა, რამდენიმე სკოლა დღესაც გამოთქვამს მზადყოფნას მიიღონ ეს მოსწავლე.
მიხეილ ალექსიძის მისაღებად მზად არის თბილისის მე-20 საჯარო სკოლა (მდებარეობს სასტუმრო თბილისი-მერიოტის უკან), 122-ე საჯარო სკოლა (ქავთარაძის ქუჩაზე), ამ სკოლების შინაგანაწესიდან გამომდინარე, სკოლაში ჩარიცხვის დროს არ არის გამოცდები. ასევე 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს მოსწავლე იმ შემთხვევაში, თუ იგი სკოლის შინაგანაწესიდან გამომდინარე გაივლის გასაუბრებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს ალექსიძეს და მის ოჯახს, გააკეთონ არჩევანი ამ სკოლებს შორის, რათა მოსწავლეს მიეცეს სწავლის შესაძლებლობა. როგორც ბრიფინგზე მყოფმა სკოლის დირექტორებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან ალექსიძე მათ სკოლაში მიიღონ.
მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში XI კლასიდან გაირიცხა. საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რის გამოც სკოლის დირექტორმა, ტატო შავშიშვილმა პოლიციაში განაცხადა. დირექტორი მოსწავლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადების საფუძველზე, საქმეზე გამოძიება დაიწყო და ალექსიძე დაიკითხა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მიხეილ ალექსიძის მიმართ რაიმე პირადი პრობლემა არ აქვს და ამას ადასტურებს ის, რომ სკოლაში სწავლობს მიხეილ ალექსიძის ძმა, ზაზა ალექსიძე, რომელიც მერვეკლასელია.
Video