02.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტი სტუდენტებს ქვეყნის ახალ გამოწვევებზე ესაუბრა და უმაღლესი განათლების კუთხით დაგეგმილი ახალი ინიციატივები გააცნო.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა დასაქმების საპრეზიდენტო საზაფხულო პროგრამა ,,Summer Job’’-ზე, რომელიც მიზნად ისახავს საზაფხულო არდადეგების დროს, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 25 000 სტუდენტის დასაქმებას. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ და ხუთასლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროდან შეეძლებათ სამუშო ადგილების არჩევა, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმართველობის ორგანოებში და ა.შ. პროექტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, ის მრავალჯერად ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.
სტუდენტთა წახალისების მიზნით, საუკეთესო სტუდენტებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო საზაფხულო ბანაკები, ყოველწლიურად ათასი წარჩინებული სტუდენტი გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზაფხულო ბანაკებში.
სტუდენტებისთვის ასევე მოქმედებს სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა DRF-ი, რომლის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მაგისტრატურაში სწავლა მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ. აღნიშნულ პროგრამაში 2012-2013 სასწავლო წლისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებად ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ზუსტი მეცნიერებები და არქიტექტურა განისაზღვრა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს. სწავლისა და უცხოეთში ცხოვრების ხარჯებს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს.
სტუდენტთა დასაქმების, მათი წახალისებისა და უცხოეთში სწავლების პარალელურად ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს უმაღლესი განათლების ინფრასტუქტურის განვითარება და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სწავლების დანერგვაა. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება 2012 წელს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსება, რომლის ძირითადი მიმართულებები ტექნოლოგიური, საინფორმაციო და საინჟინრო დისციპლინები იქნება.
უნივერსიტეტი აღიჭურვება ამერიკული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებითა და ინფრასტუქტურით. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებთან. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სამომავლოდ ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის დამადასტურებელ დიპლომებს გასცემს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დიპლომებს საერთაშორისო აღიარება ექნება, მსაგავსი უმაღლესი სასწავლებელი პირველია მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ამ პროცესში სტუდენტობას წამყვანი როლი აქვს. სწორედ, ამიტომ ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უსადენო ინტერნეტით (Wi-Fi) აღიჭურვება. ყველა სტუდენტს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით და გაიღრმავოს ცოდნა.
გაჟღერებული სიახლეების პარალელურად პრეზიდენტმა სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა.