დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ენდრიუ ვებერსა და აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის საკითხები და ის ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელთა განხორციელებაც რეფერალური ბიოლოგიური ლაბორატორიის ბაზაზეა შესაძლებელი. კვლევითი ცენტრი აღჭურვილია ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებითა და ვივარიუმით, სადაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო დონის ბიოლოგიური კვლევები შეუძლიათ განახორციელონ.
ლაბორატორიის მიზანია საზოგადოებრივი და ვეტერინარული ჯანმრთელობის გაძლიერება ინფექციური დაავადებების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და სამეცნიერო კვლევების საშუალებით საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.