ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეების ჩართვა ანტინარკოტიკულ კამპანიაში.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებს შეხვდნენ და მათ პირადად გააცნეს კონკურსის მიზანი და პირობები.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს
საჯარო და კერძო სკოლების
მოსწავლეებს შეუძლიათ, დევიზი
ან/და ლოგო წარმოდგენილი
უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:
konkursebi@mes.gov.ge ან
press-center@justice.gov.ge; მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთი ან რამდენიმე
ნამუშევარი; ლოგო ან/და
დევიზი მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 25 მარტისა; საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური პროექტების შედეგად, სკოლის ასაკის მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მოზარდებს შორის დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის კუთხით.