22.03.2012
ახალი სასწავლო წლიდან თელავში ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლა გაიხსნება. სკოლა თელავის № 3 საჯარო სკოლის ბაზაზე ამოქმედდება და მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა თელავის №3 საჯარო სკოლა მოინახულეს და პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნენ.
ყველა საჭირო ინვენტარით და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღჭურვილი ახალი თანამედროვე სკოლა კახეთის რეგიონში პირველი სპეციალიზირებული სკოლა იქნება. ფიზიკა-მათემატიკური საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით, სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიასაც ეწვიონ და პრაქტიკულ ნაწილში ცოდნა გაიღრმავონ.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ფიზიკა-მათემატიკურ ყველა სკოლას ძველი სტატუსი დაუბრუნდა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებულად სწავლება მიმდინარეობს.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, მიმდინარეობს საჯარო სკოლების თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვა. ლაბორატორიებში მოსწავლეებს როგორც პრაქტიკული მუშაობის, ასევე კვლევის ჩატარებისა და სხვადასხვა სამეცნიერო-შემეცნებითი კონკურსებისთვის მომზადების შესაძლებლობა აქვთ.