პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა 2012 წლის 20 მარტიდან დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი სტუდენტები რეგისტრირდებიან.
ამ დროისათვის, თბილისის, ქობულეთისა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრებში 1490 ადამიანი შემდეგ მიმართულებებზე დარეგისტრირდა: ტურიზმი, სამშენებლო, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საინჟინრო და სხვა.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ სამშენებლო ფაკულტეტის სოციალურად დაუცველი მომავალი სტუდენტები მიიყვანა და ის გარემო გააცნო, სადაც ისინი პირველი მაისიდან სწავლას შეუდგებიან.
”სპექტრში” წელს სამშენებლო მიმართულების რამდენიმე ახალი კურსი ამოქმედდა, ახალი სასწავლო კურსის კლას-კაბინეტები აღჭურვილია CATERPILLAR(CAT)-ის უახლესი სიმულატორებით და LINCOLN ELECTRIC-ის თანამედროვე შედუღების აპარატებითა და ხელსაწყოებით. სასწავლებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალებს ამზადებს და უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.
”სპექტრში” შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება: ფართო პროფილის მშენებელი, გზის მშენებელი, დურგალი, კალატოზი, მებათქაშე, სანიტარულ–ტექნიკური მომსახურეობა, ამზომველ–გეოდეზისტი, მხაზველ–ამზომველი, განათებისა და ძალური ქსელების ელექტრო–მემონტაჟე, მაცივრებისა და კონდიციონერების ოსტატი, ავტომექანიკოსი–ზეინკალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს–ოპერატორი, ბუღალტერ–მოანგარიშე, მდივან–რეფერენტი, მობილური ტელეფონების შემკეთებელი, პერსონალური კომპიუტერის მომსახურე და შემკეთებელი მექანიკოსი და სხვ.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათი ვაუჩერული დაფინანსება თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად მიმდინარეობს. ვაუჩერით სრულად სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები ფინანსდებიან, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.