ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ ამოქმედდება. გარემონტდა და უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა სასწავლო კორპუსი და სახელოსნოები, სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. კოლეჯი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს.
მორიგი თანამედროვე პროფესიული კოლეჯი დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს.
პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარე შეირჩა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი და სხვა.
სამინისტროს დაფინანსებით, კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. პრაქტიკული სწავლებისათვის მოწყობილია და ფუნქციონირებს სხვადასხვა ლაბორატორია და სახელოსნო.
გადამზადდნენ და ამჟამადაც მიმდინარეობს კოლეჯის პედაგოგთა ტრეინინგები. მომზადდა დამსაქმებლების მოთხოვნის შესაბამისი სტანდარტები და საგანმანათლებლო პროგრამები. შედეგად, დიდია კოლეჯისადმი რეგიონის მოსახლეობის ინტერესი. ამჟამად, კოლეჯში 500-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული. რეგისტრაციისა და 1000 ლარიანი ვაუჩერის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრები შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.
Video