23.04.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის ფარგლებში ახალ პროექტს ანხორციელებს - მალე საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ით აღიჭურვება. ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება.
უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა ე.წ. School Box-ი დაეხმარება. შედეგად, ხარისხობრივად გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი, ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უწყვეტ რეჯიმში ისარგებლოს ინტერნეტით, ადგილი აღარ ექნება ლოჯისტიკურ და ტექნიკურ ხარვეზებს.
School Box-ის აწყობა კომპიუტერულ ქარხანა ”ალგორითმში” მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქარხანას ეწვია და აწყობის პროცესს პირადად გაეცნო. ქარხანაში 100-მდე პროფესიონალი სპეციალურ ყუთებში თანამედროვე სისტემას ამონტაჟებს. რამდენიმე კვირაში School Box-ი 1500 სკოლას დაურიგდება.
წელს პირველად, საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი სქულ ბოქსების დახმარებით, ელექტრონულად წარიმართება. სკოლები, მასწვლებლები, მოსწავლეები ინფორმაციას ონლაინ რეიჟიმში მიიღებენ. ახალი სისტემა სკოლებს ასევე დაეხმარება ჰქონდეთ მჭიდრო ონლაინკავშირი.
School Box-ის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონების სკოლებისთვისაა, ახალი სისტემა მათ იგივე მომსახურებასა და კომფორტს სთავაზობს, რასაც ქალაქის სკოლებს.
ახალი სისტემის დანერგვა სკოლებში ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტი ასევე ითავლისწინებს სკოლების ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასაც, წელს 10 000-მდე ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში.