ოლიმპიადაში, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს, 31 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ. ოლიმპიადა “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით იმართება, ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.
ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.
ოლიმპიადა, რომელიც მეექვსე წელია ეწყობა, წელს ყველაზე გრანდიოზულია. წინა წლებთან შედარებით, წელს მასში კიდევ უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.