ახალი კოლეჯის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 2012 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ”მერმისი” მსურველებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ 3 საფეხურს შესთავაზებს. კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. კეთილმოეწყობა კოლეჯის ეზო და აშენდება სახელოსნოები. კოლეჯი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.
პროფესიული კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მსურველებს მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროებში არსებულ სპეციალობებს შესთავაზებს. კოლეჯი სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ შემდეგ პროგრამებს განახორციელებს: სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი; კალატოზი; მეფილე-მომპირკეთებელი; მებათქაშე; ელექტრიკოსი; მღებავი; დურგალი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; ძრავის შემკეთებელი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; თექის ხელოსანი; შემდუღებელი; მეავეჯე; მზარეული.
მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრები შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.