დღეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის №14 და №16 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დაათვალიერეს. მათ მასპინძლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი ხიზანიშვილმა გაუწიეს.
პროექტი საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის გიორგი ხიზანიშვილის ინიციატივით ხორციელდება.
ბიუროში არსებულ ლაბორატორიებში მოსწავლეები ექსპერტების დახმარებით უშუალო მონაწილეობას იღებენ დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის ცდების ჩატარებაში.
მოსწავლეები ვირტუალურად მოგზაურობენ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში, სადაც ლაბორატორიის უცხო DNM მასალით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით შესვლა აკრძალულია.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს ახალი აპარატურის მეშვეობით თანამედროვე, ხარისხიანი, რაც ყველაზე მთავარია სწრაფად და ეფექტურად მუშაობის საშუალება აქვთ. ბიუროში მოქმედი მუშაობის პრინციპი და ტექნიკური აღჭურვილობა საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.