18.05.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.
ეროვნული შეფასება არის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება. ჩატარებული ეროვნული შეფასება კი მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად წარმატებულია არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011-2012 სასწავლო წელს განხორციელებული რეფორმები.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი - „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში მოხალისე ქართულენოვანი პედაგოგები ეხმარებიან. ქართული ენის გაძლიერებულად შესასწავლად კი სპეციალურად მათთვის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა.
სკოლები შეირჩა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით. ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 73 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 1000-მა პირველკლასელმა, მათმა მშობლებმა, ქართული ენის 100-მა მასწავლებელმა და 100 ქართულენოვანი მოხალისე და სკოლების დირექტორებმა (73).
ეროვნული შეფასებისას მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარი. სპეციალური კითხვარები შეავსეს ეროვნული შეფასების უფროსმა მონაწილეებმა (მშობლებმა, ქართული ენის მასწავლებლებმა, ქართულენოვანმა მოხალისეებმა და დირექტორებმა), სადაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული ენის სწავლებისა და გატარებული რეფორმების მიმართ.
ეროვნული შეფასების შედეგად გამოვლინდება, რამდენად ეფექტურია არაქართულენოვან სკოლებში დანერგილი სიახლეები, როგორია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონე ქართული ენის შესწავლის მხრივ, როგორია შეფასებაში მონაწილე ჯგუფების დამოკიდებულება გატარებული რეფორმების მიმართ. ივნისის დასაწყისიდან მომზადდება ანგარიში, დასკვნები და რეკომენდაციები.