ამერიკულ აკადემიას წელს 45 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი
ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობს, მაგრამ
საქმიანობის დაწყებას ისინი მშობლიურ ქვეყანაში გეგმავენ.
ამერიკული აკადემია 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა, გივი ზალდასტანიშვილმა
დააარსა. აკადემიას 350-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, მათი უმრავლესობა
ჰარვარდის, იელის, პრინსტონის, კოლუმბიის, ბრაუნისა და ემორის
უნივერსიტეტებში, ამერიკის სამხედრო და საზღვაო აკადემიებში, მილანში ბოკონის
უნივერსიტეტში, პარიზში ამერიკის უნივერსიტეტში, ლონდონში ეკონომიკისა და
პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შოტლანდიაში სენტ ენდრიუსის,
ედინბურგის უნივერსიტეტებსა და მრავალ სხვა ამერიკისა და ევროპის უმაღლეს
სასწავლებლებში სწავლობენ.
გასულ წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის
საუკეთესო კერძო სკოლად სწორედ, გ.ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია
დაასახელა. თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად,
აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს
მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და
კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.