31.05.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, იგი რეგიონებში ხშირად ხვდება პედაგოგებს, რომელთა თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მათ ხვდებიან პოლიტიკოსები და ატყობინებენ, რომ თითქოს სამინისტრო და ხელისუფლება მასწავლებელთა გათავისუფლებას გეგმავს.
დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მასწავლებლებთან კონტრაქტს აფორმებს სკოლის ადმინისტრაცია. მინისტრის განცხადებით, იგი ყველა დირექტორს შეხვდა და მათი მხრიდან არავითარი შემცირება არ იგეგმება.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სერტიფიცირების პროცესი 2014 წლის ჩათვლით არის ნებაყოფლობითი, ყველა მასწავლებელს შეუძლია რამდენჯერმე გავიდეს გამოცდაზე და გაიაროს სერტიფიცირება. გამოცდის შედეგი არის კონფიდენციალური და იგი არ მოქმედებს მის სამსახურზე. შედეგი მხოლოდ ხელფასზე აისახება.
მასწავლებლის სახლი სწორედ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ამზადებს პედაგოგებს. ტრენინგები თბილისის პარარელურად, ქუთაისის მასწავლებლის სახლსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. მასწავლებლის სახლში ტრენინგების გავლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. სეციალურად ტრენინგებისთვის გამოყოფილი 10 აუდიტორია აღჭურვილია საჭირო აპარატურით. პედაგოგებს აქ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.