მინისტრის განცხადებით, სისტემა მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საგამოცდო პროცესების ორგანიზებულად წარმართვისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და საგნობრივმა ექსპერტებმაც.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებები ინგლისში დაიბეჭდა. ტესტები მალე საქართველოში ჩამოვა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალურ საცავებში განთავსდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. წელს აბიტურიენტები ოთხ სავალდებულო საგანს ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხოურ ენას (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ზოგად უნარებსა და მეოთხე არჩევით საგანს ჩააბარებენ. წელს აბიტურიენტს მეოთხე სავალდებულო საგნად ერთ-ერთი, რამდენიმე ან შვიდივე საგანი - ლიტერატურა, გეოგრაფია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ისტორია შეეძლო აერჩია.
2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ, ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და ოქტომბრის ნაცვლად, აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.
წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს. 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული
ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს. აბიტურიენტებისთვის online რეგისტრაცია კომფორტული იყო, რადგან მათ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე
რამდენჯერმე შეეძლოთ არჩევანის შეცვლა.