ღია გაკვეთილი მერვეკლასელებთან პრეზიდენტის სტიპენდიანტმა სერთიფიცირებულმა პედაგოგმა ქ-ნმა ეთერ ხარბედიამ ჩაატარა. თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ ინტერაქტიულ გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, მათ როგორც ქართული ლიტერატურის ცოდნა, ასევე თავისუფალი აზროვნებისა და მსჯელობის კარგი უნარი გამოავლინეს. ლიტერატურის გაკვეთილი უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების, კერძოდ, smart board-ის გამოყენებით მიმდინარეობდა, რამაც უფრო საინტერესო და სახალისო გახადა საგაკვეთილო პროცესი.
ღია გაკვეთილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, ქ. რუსთავის პროკურორი მირზა სუბელიანი, კინოთმცოდნე გოგი დოლიძე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა. გასული წლის მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებელში სკოლადამთავრებულთა 100% გახდა სტუდენტი. მინიჭებული აქვს 9 ვარსკვლავი. მიმდინარე წელს ჰყავს 2 ოქროს მედალოსანი მოსწავლე, 19 სერთიფიცირებული და 2 მენტორი მასწავლებელი. სკოლა ასევე წარმატებულია 2011-2012 სასწავლო წლის მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.