დღეს, კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა, რომლის მიზანი იყო სამკერვალო საწარმოებისთვის, დიზაინერებისა და სამკერვალო დარგით დაინტერესებული სხვა პირებისთვის ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში დანერგილი სამკერვალო ინდუსტრიის ახალი პროგრამების გაცნობა.
პროექტის - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა EPI ფარგლებში, კოლეჯში საკერავი მანქანის ოპერატორებისა და მექანიკოსებისათვის სასწავლო პროგრამები დაინერგა. ასევე მოხდა კოლეჯის გადაიარაღება უახლესი დანადგარებით, მოეწყო შესაბამისი საამქროები, სადაც პროექტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ახორციელებენ სწავლებას.
უახლოეს მომავალში „იბერიაში“ დაინერგება ხარისხის კონტროლის სასწავლო კურსი, სადაც კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის სრული კონტროლი. ქუთაისის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს სამაგალლითო მოდელს იმ პროგრამისა, რომელსაც ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა ანალოგიურად ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯებში ოზურგეთში, თბილისსა და ბათუმში.
პროექტის ერთ-ერთ ამოცანას საქართველოში სამკერვალო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს. EPI ეხმარება ქართველ მწარმოებლებს ბაზრის ახალი ტენდენციების გაცნობაში, წარმოებისა და პროდუქტიულობის ზრდაში, საერთაშორისო ბაზრებთან კავშირსა და ინვესტიციების მოზიდვაში.
ღია კარის დღეს ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ დაესწრნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და პროექტის ხელმძღვანელი თინა მენდელსონი.