სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელებული დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც პირველკლასელთა რეგისტრაციას ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასარეგისტრირებლად პირველი ვადა 2012 წლის 2 აპრილიდან 17 ივნისამდე იყო განსაზღვრული. იმ მშობლებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე www.mes.gov.ge და www.catalog.edu.ge რეგისტრცია ვერ გაიარეს, დამატებითი ვადები 2012 წლის 1-დან 17 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ მშობლები, მათ შორის, დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელთაც მეორე ეტაპზეც არ მოახდინეს შვილების დარეგისტრირება. ამის გათვალისწინებით, სამინისტრომ გამოიჩინა კეთილი ნება და 27 აგვისტოს რეგისტრაცია მესამედ გამოაცხადა, რომელიც 10 სექტემბერს დასრულდება.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ სამინისტროს მიერ სწორედ მესამედ გამოცხადებული რეგისტრაციისას დაარეგსტრირა შვილი. ამგვარად, დარეგისტრირებული ბავშვი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოხვდებოდა სამინისტროს პროგრამაში, თუმცა დიმიტრი ლორთქიფანიძის შემთხვევაში, მისი შვილები ვერ მიიღებენ სახელმძღვანელოებს უფასოდ, ვინაიდან, „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ შესაბამისად, უფასოდ წიგნებს იღებენ ის მოსწავლეები, რომელთა მშობელი არ წარმოადგენს ქონების გადასახადის გადამხდელს, ანუ მათი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კი, დიმიტრი ლორთქიფანიძის წლიური (2011 წლის განმავლობაში) შემოსავალი 50 476.65 ლარია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე წელია მოსწავლეების გარკვეულ კატეგორიას უფასო სახელმძღვანელოებს გადასცემს, ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იმ მრავალ პროექტს შორის, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში უკვე მესამე წელია 100 ათასობით მოსწავლე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები მილიონობით სახელმძღვანელოს სახელმწიფოსაგან უფასოდ იღებენ.