საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. წარმოდგენილი 44-დან 8 პროექტი უცხოელი მოზარდების მიერ იყო შექმნილი. ამავე დღეს გამარჯვებული პროექტების ავტორებიც დაჯილდოვდნენ.
გამოვლინდა ერთი გრანპრის, 1 პირველი ადგილის, 2 მეორე ადგილისა და 3 მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრის მფლობელი გაემგზავრება უცხოეთში სასწავლო-შემეცნებითი ტურით. I ადგილზე გასული პროექტის ავტორს 5000 ლარი, II ადგილზე - 3 000 – 3 000, ხოლო III ადგილზე გასული პროექტების ავტორებს 2 000 – 2 000 ლარი გადაეცათ. კახეთის გუბერნიამ 1 500 ლარით, ქუთაისის მერიამ კი 1 000 ლარით დააჯილდოვეს კახეთის რეგიონიდან და ქალაქ ქუთაისიდან წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრის ავტორები.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტებიც, რომელთა ავტორებიც კომპანიამ ”ბილაინი” მობილური ტელეფონებით დააჯილდოვა. ფავორიტი პროექტი გამოავლინა საქპატენტმაც, რომლის წარმომადგენელმა გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორს ტელეფონი ”SAMSUNG Galaxy” გადასცა.
კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები დედაქალაქიდან და საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე თურქეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის დისციპლინების მიმართულებებით, ასევე გამოგონებები იყო სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის, საინჟინრო სფეროებში.
მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეორე წელია ატარებს და იგი გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდების წახალისებას და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება.