განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებულნი. განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოს.
მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვთვლი, რომ იმ ავტორიტარულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში.
ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ თითოეულმა თქვენგანმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გამონახოთ ყველანაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყოთ თანამშრომლობა. ჩემი აზრით ეს იქნება საუკეთესო გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.
მათ კი ვინც, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მე ვთავაზობ მეორე საშუალებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად. ამ კომისიის შექმნის მიზანია უმოკლეს დროში მოვაგვაროთ შექმნილი პრობლემები. სხვა შემთხვევაში, დავის განხილვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართება.
მე იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით და გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას, და მალე დაუბრუნდებით თქვენს საქმიანობას. პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადეობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას.
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი