საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ერთკვირიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.
მინისტრმა ჟურნალისტებს მოადგილეები წარუდგინა და მათი კომპეტენციები გააცნო. მინიტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე საფინანსო სფეროს, დავით ზურაბიშვილი უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას, ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ და ტექნიკურ განათლებას, ხოლო ალუდა გოგლიჩიძე ზოგად განათლებას გაუწევს კურირებას.
გიორგი მარგველაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელებიც წარადგინა. გამოცდების ეროვნულ ცენტრს ისევ მაია მიმინოშვილი, ხოლო მანდატურის სამსახურს ლევან აბაშიძე უხელმძღვანელებს.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრმა ახალ საგამოცდო მოდელზე; განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული მხარეების ურთიერთთანამშრომლობაზე; საგრანტო დაფინანსების გაზრდაზე; უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით რეგენტთა საბჭოს ამოქმედებაზე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემა დეპოლიტიზირებული და დეცენტრალიზებული გახდება და ყველა მოადგილე, თავის სკურაციო სფეროში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის.