პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” დღეს კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ”კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში”. კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის (GIZ PSDP Georgia) ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიიღეს.
კონფერენციის მიზანი პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა და ამ მიმართულებით პროფესიული კოლეჯის ”სპექტრი” გამოცდილების გაზიარება იყო.
კოლეჯში "სპექტრი" 32 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. მათ შორის: ფართო პროფილის მშენებელი, ზეინკალი, მკერავი, ელექტრიკოსი, მაცივრებისა და ავტომობილების შემკეთებელი, მძერწავი (არქიტექტურული დეტალების), სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, გარემოს დაცვის ტექნიკოსი, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი, მებაღე, ტოპოგრაფისტი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, პოლიგრაფისტი და სხვ.