„ქორთიარდ მარიოტში“ დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე „WorldSkills Georgia ხარისხიანი პროფესიული განათლებისათვის“, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განცხადება გაკეთდა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსის შესახებ, რომელიც 2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ჩატარდება. WorldSkills International-ის 42-ე კონკურსში საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას. ქართველი კონკურსანტები 2013 თებერვალში სამ სპეციალობაში (შემდუღებელი, მზარეული და ვებდიზაინერი) შეირჩევიან. ყველაზე პერსპექტიულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს წარმომადგენლებს საკონკურსოდ WorldSkills Georgia-ს ექსპერტები მოამზადებენ.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სტრუქტურებისა და ასოციაციების ერთობლივი პროექტია. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მოწვეულ სტუმრებს WorldSkills Georgia-ს და WorldSkills International-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს WorldSkills Georgia 2013-ის სპონსორობისკენ მოუწოდეს და საინტერესო სასპონსორო წინადადებები შესთავაზეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშესაწყობად.