შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობას. მოსწავლეებმა ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, რომელსაც განხორციელებული პროექტების შედეგად მიაღწიეს. ამავე შეხვედრაზე საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის წარმომადგენლებმა სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლზეც ისაუბრეს და გარკვეული რეკომენდაციებიც წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ მოსწავლეებს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა.