საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად საგანში ”მსოფლიო კულტურა” დასრულდა. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ ,,მსოფლიო კულტურის” საგნის თემატიკის შემოქმედებითად გააზრება და მისი დაკავშირება მათ გარშემო არსებულ რომელიმე კონკრეტულ ცხოვრებისეულ რეალობასთან.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც წარმოადგინეს როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივად (2-3 მოსწავლე) შესრულებული ნამუშევრები. კონკურსზე შემოვიდა 120-მდე ნაშრომი. კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, გამოავლინა 14 გამარჯვებული ესე, რომელზეც მუშაობდა 22 მოსწავლე, მათ შორის, პირველი ხარისხის დიპლომი და ფულადი პრიზი 700 ლარის ოდენობით გადაეცა 3 ესეს ავტორებს, მეორე ხარისხის დიპლომი და 500 ლარი - 4 ესეს ავტორებს და მესამე ხარისხის დიპლომი და 300 ლარი - 7 ესეს ავტორებს. მოსწავლეებმა დაჯილდოების ცერემონიალზე საკუთარი ნაშრომების მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უკვე მესამე წელია შემოვიდა ახალი არჩევითი საგანი ”მსოფლიო კულტურა”, რომელიც მოსწავლეებს შორის პოპულარობით სარგებლობს. 2011-2012 სასწავლო წლიდან ეს საგანი 800-მდე სკოლამ აირჩია. ”მსოფლიო კულტურა” ორიენტირებულია არა მარტო მოსწავლისთვის ახალი ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მისი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების ახსნაზე, ობიექტურ ინტერპრეტაციაზე. ამ ახალი საგნის უკეთ დაუფლებას ხელს შეუწყობს როგორც შესაბამისი სახელმძღვანელოს მასალის ათვისება, ისე პრაქტიკული გამოცდილების და მოვლენების ახლებური დანახვა.